ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომაზე ხმაური საშტატო ერთეულების დამატებამ გამოიწვია. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა იურიდიულ და ადმინისტრაციულ სამსახურებში თანამშრომელთა რიცხვის გაზრდა გააპროტესტეს. მათი თქმით, ყოველ საკრებულოს სხდომაზე თითო საშტატო ერთეულის დამატება ხდება, რისი საჭიროებაც არ არსებობს. კიდევ ერთი საკითი, რომლესაც მათ მხარი არ დაუჭირეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს შეეხებოდა. დეპუტატების თქმით, ბიუჯეტი მხოლოდ პოლიციის მეშვეობით, ჯარიმების ხარჯზე შესრულდა.
იურიდიულ და ადმინისტრაციულ სამსახურებში, საშტატო ერთეულების ზრდის მიზეზად, ადგილობრივ თვითმმართველობაში შესასრულებელი სამუშაოების სიმრავლე დასახელდა. როგორც სხდომაზე, ახალციხის გამგებელმა, ზაზა მელიქიძემ განაცხადა, მუნიციპლიტეტის მასშტაბით, არაერთი იურიდიული საკითხია, რომლის მოგვარებისთვისაც არსებული თანამშრომლების რიცხვი საკმარისი არ არის. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის პროტესტისა, ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილებას ერთი, ხოლო იურიდიულ სამსახურს ორი შტატი: განყოფილების უფროსისა და სპეციალისტის თანამდებობა დაემატა.
გარდა საშტატო ერთეულების ზრდისა, ახალციხის მუნციპალიტეტის სხდომაზე ბიუჯეტში შესულ ცვილებებსა და ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილ თანხებზეც ისაუბრეს. დეპუტატთა თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან წელს 2 მილიონ 320 ათასი ლარია გამოყოფილი.
ახალციხის მუნციპალიტეტის საკრებულოს რიგით მესამე სხდომას 22 დეპუტატი დაესწრო. დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხიდან, 6 მათგანი საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.
|