პოლიტიკა
ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს - ევროკომისიის პრეზიდენტი
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.
„მივესალმები წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას სანქციების მერვე პაკეტზე. ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად და გადამწყვეტად. არასდროს მივიღებთ პუტინის ყალბ რეფერენდუმებს და არც რაიმე სახის ანექსიას უკრაინაში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
სანქციები, რომელიც ევროკავშირის ელჩებმა დღეს დაამტკიცეს, ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ადგენს, ასევე დამატებით აკრძალვებს აწესებს ექსპორტსა და იმპორტთან დაკავშირებით და ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მმართველ საბჭოებში ყოფნას უკრძალავს.
ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ სანქციების ახალი პაკეტი პასუხია რუსეთის მხრიდან მუდმივ ესკალაციასა და უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომზე.
სანქციების ახალი პაკეტი ფასის ლიმიტის დაწესებას ითვალისწინებს, რომელიც დაკავშირებულია მესამე ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებასთან და ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირებას ზღუდავს.
გარდა ამისა, სანქციები დამატებით აკრძალვებს აწესებს ექსპორტსა და იმპორტთან დაკავშირებით და ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მმართველ საბჭოებში ყოფნას უკრძალავს.
პაკეტი ასევე მოიცავს ე.წ. რეფერენდუმების ორგანიზებაში მონაწილე ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების, თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებისა და ომის შესახებ დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას.
გააზიარეთ :