ნაციონალ დეპუტატს საკრებულომ უფლებამოსილება შეუწყვიტა
დღეს, 31 იანვარს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლის პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 12 საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე კენჭი უყარეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის გოჩა ინასარიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ განმარტა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატს, ექვსი თვის განმავლობაში, არც ერთ აქტივობაში მიუღია მონაწილეობა, არ ესწრებოდა კომისიის და საკრებულოს სხდომებს, პარტიამ კი ვერ დაადასტურა, რომ საპატიო მიზეზით აცდენდა. ეს გახდა უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი.
საკრებულოს სხდომას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მხოლოდ ერთი დეპუტატი ბესიკ ოქრომელიძე ესწრებოდა.
დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარეს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, რომელიც 30 მილიონი ლარით დამტკიცდა, ტრანსფერების და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხა დაახლოებით, 16.6 მილიონი დაემატა და საბოლოოდ 46,6 მილიონი ლარი შეადგინა.