პოლიტიკა
ჩვენ უნდა დავასრულოთ მონობა, მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინელების გვერდით - აკია ბარბაქაძე
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა დაანონსებული აქცია, პარლამენტთან სახელწოდებით „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“.
აქციაზე სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციაზე მივიდნენ საქართველოში მცხოვრები უკრაინელებიც.
აქციის მონაწილეებს ერთ–ერთი პირველი, ვინც სიტყვით მიმართა უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო იყო. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, პატივი მიაგო უკრაინაში ბრძოლის ველზე დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს და მეგობარ ქვეყნებს ევროპული ოჯახის წევრობა უსურვა.
პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ.
,,ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, შევიკრიბებით, ამ საბჭოში შევა ყველა, აქ მყოფი პარტიები, „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი, ყველა პარტიას დაველაპარაკებით კიდევ ერთხელ და ვიტყვით - ძალა ერთობაშია! ეს გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მონობა, რომელიც აქ არის! აი, მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინელების გვერდით, აი, მაშინ ექნება ფასი ჩვენს თანადგომას და სოლიდარობას, თორემ, ახლა „უკუდო ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო“, ეს არის ჩვენი რეალობა, აი, აქ ვართ ჩვენ დღეს.
ორშაბათს, არ უნდა დავიღალოთ, უნდა გამოხვიდეთ, მეტი არაფერია საჭირო, უნდა გამოხვიდეთ, მოითხოვოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის და თქვენ გექნებათ ღირსეული ცხოვრება.
ძალიან ადვილია ამ ძალის გაშვება, რუსეთი დამარცხებულია, რუსეთი შეშინებულია, პუტინი სად დაიმალოს ჯურღმულში იმას ფიქრობს, ახლა როცა მთელი მსოფლიო გაერთიანდა, იმ ხალხს დაეწყო შიშები, ვინც მარტო ებრძოდა ამ ურჩხულს, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ არ გავაკეთებთ იმ მოცემულობას, რაშიც 70 წელიწადი ვიარეთ - ბოლშევიზმში, ფაშიზმში, ჩვენ თუ არ დავამარცხეთ, ესენი ფაშიზმს გვიშენებენ აქ, ესენი თქვენში ჯაშუშებს ეძებენ, ამათ უნდათ ბოლომდე ამოგხადონ სული, ეს არის მოცემულობა და სიმართლე, ამის სათქმელად მოვედი! თქვენ ხელშია ძალაუფლება...დასრულდებიან თავისით, გამოხვალთ ამდენი? - სამ დღეში დასრულდებიან, გამოხვალთ ნაკლები? - ერთ კვირაში, მაგრამ მაინც დასრულდებიან“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
გააზიარეთ :