„გირჩი” ანტიეროვნული მოძრაობაა - ღარიბაშვილი
როდესაც ახალგაზრდა კაცს თუ ქალს ეუბნები - იმისთვის, რომ ჯარს თავი დააღწიო და არ ემსახურო შენს ქვეყანას, გახდი ცრუ მღვდელმსახური, ეს უბედურება, ტრაგედიაა, “გირჩი” ანტიეროვნული მოძრაობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველების მთავარი საამაყო სიტყვაა “ვემსახურებით საქართველოს, ჩვენს ქვეყანას” და “გირჩმა” თავისი ანტიეროვნული კამპანიით 10 000-ზე მეტი ახალგაზრდა შეცდომაში შეიყვანა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თავდაცვის კოდექსზე მუშაობა მისი თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და ახალი კოდექსი მათ შორის იმ მავნე პრაქტიკას შეცვლის, რომლის მიხედვითაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ახალგაზრდები ყარაულებად იდგნენ ციხეებში და სხვადასხვა ობიექტზე.
“თავდაცვის კოდექსზე მუშაობა ჩემ დროს დაიწყო, როცა მე მინისტრი ვიყავი. აქაც არის შემდეგი ძირითადი საკითხები, რაც მინდა ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას. დღეს ჯარი არის ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია ეკლესიასთან ერთად. ეს ორი მთავარი საყრდენი ჩვენი ქვეყნის. ეკლესია, პოლიცია და ჯარი, სამი მთავარი ინსტიტუცია არის მთავარი საყრდენი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ძლიერი რეზერვის შექმნა. ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი, გვაქვს ძალიან მდიდარი სამხედრო ტრადიციებიც, ვართ მეომარი, ძლიერი ხალხი და არ გვინდა ქვეყანაში გავრცელდეს მავნე პოლიტიკა, მაგალითად ისეთი, როგორიც აწარმოა “გირჩმა”. ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო სწორედ ამ “გირჩის” გამოწვევის დაძლევა. წარმოიდგინეთ, მათი ამ ანტიეროვნული, არ მოვერიდები ამის თქმას, ეს ანტიქართული მოვლენაა, ანტიქართული ფენომენია და ანტიქართული მოძრაობაა იმიტომ, რომ როდესაც შენ ადამიანს, ჯანსაღ, ყველაზე მაგარ წარმომადგენელს, ახალგაზრდა კაცს თუ ქალს ეუბნები, რომ ჯარს თავი რომ დააღწიო, რომ არ ემსახურო შენს ქვეყანას, გახდი ცრუ მღვდელმსახური და გახდი რაღაც გასაბერი ეკლესიის წევრი თუ მრევლი, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის, ეს არის უბედურება, ტრაგედია. ჩვენი მთავარი საამაყო სიტყვა რა არის, რომ “ვემსახურებით საქართველოს, ჩვენს ქვეყანას”. 10 000-ზე მეტი ახალგაზრდაა შეცდომილი. მათ ეუბნებიან, რომ ჯარში არ წახვიდე და წამოდი, გახდი მღვდელმსახური. ეს უბედურებაა. ამიტომ, ის რეფორმები, რაც დავიწყე ჩემი მინისტრობის დროს, ძალიან ბევრი თანხა ჩავდეთ ინფრასტრუქტურაში, თანამედროვედ მოვაწყვეთ ყველა ბაზა, შეიარაღება, უნიფორმა, ყველაფერი, აღჭურვილობა. ახლა მიდის მაგარი პროცესები შეიარაღების მიმართულებით. ჩვენ ვთქვით, რომ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც დღემდე სამწუხაროდ, მოქმედებდა, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ახალგაზრდები იდგნენ ყარაულებად ციხეებში, სხვადასხვა ობიექტზე, მე მქონდა გუნდთან ამის თაობაზე განხილვა და ვთქვით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ გვინდა, რომ მოვამზადოთ ჯანსაღი პატრიოტები, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი. შევთავაზოთ მათ თანამედროვე სამხედრო მომზადება, ძირითადი, Basic Combat Training, ძირითადი საბრძოლო მომზადების კურსები, ეს იქნება მინიმუმ 6-თვიანი. 6 თვე რომ შეხვიდეთ ჯარში, სადაც დაგხვდება მაგარი ბაზა, კარგი აღჭურვილობა, კარგი პირობები, კარგი კვება, მაგარი მომზადება, იქიდან გამოხვალ მომზადებული, ჩამოყალიბებული, დისციპლინირებული ახალგაზრდა. მეორე საფეხური იქნება 8-თვიანი და 12- თვიანი, თუ გინდა სამხედრო სამსახურში დარჩენა. რაც შეეხება აჟიოტაჟს, რომ აბრუნებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს და ა.შ. დღეს არსებული უკვე არის ჰიბრიდული, ანუ არის სავალდებულო სამსახურიც და არის საკონტრაქტო-პროფესიული. ჩვენ ვთქვით, რომ ამ სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეებს წამოვიყვანთ ყველას, ისინი მხოლოდ ჯარში გაივლიან სამსახურს მინიმუმ 6 თვე და ჩაეთვლებათ ნამსახურებად ეს პერიოდი”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.