უკრაინასთან მიმართებაში ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ ვერც გონიერება - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას მთავრობისა და პარლამენტის დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უკრაინასთან მიმართებაში ვერც დიპლომატია გამოიჩინა, ვერც გონიერება და ვერც ისტორიული სოლიდარობა. არგძელებს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას, რის შედეგადაც აზიანებს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას.
„დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით. 25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთშორისოს - მეტს არავინ არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მის სიტყვებით, როცა საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ბელარუსის პრეზიდენტი არ გაუფრთხილდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, „დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს - ახია ჩვენზე!“
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა შესაძლოა გასაგები იყოს „მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობით და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს. შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც ტრადიციულად, ჩვენი მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ“.
შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი სიტყვებით „ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9-წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს“, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის თქმით, 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი.