,,ქართული ოცნებისა” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ერთმანეთს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დაუპირისპირდნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში ყვებიან, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივებს ხვდებოდნენ და სააგიტაციო მასალას არიგებდნენ, რასაც მმართველი ძალის უკმაყოფილება მოჰყვა.
სიტუაციის განსამუხტად სოფელში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მივიდა. ვაჟა ჩიტაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ აქტივისტებზე ზეწოლა 6 ოქტომბრის საღამოს დაიწყეს და დღესაც გააგრძელეს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები სოფელში ამომრჩევლის დაშინებასა და დაშანტაჟებაზე საუბრობენ.
მუქარასა და ზეწოლას უარყოფს საკრებულოს დეპუტატი, თუმცა ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, სოფლის დატოვებისკენ მოუწოდა.
მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ოპოზიციურ ძალას დაუპირისპირდა ეჭვობს, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები მათ სოფელში ამომრჩეველს ხმის სანაცვლოდ ფულს სთავაზობენ.
მომხდარი ფაქტის გამო, ანში სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მივიდნენ. თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ინციდენტი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ იყო პროვოცირებული.
,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები, ანის მოსახლეობის მსგავსად, სოფლებში ამომრჩეველს აშინებენ და მმართველი ძალის მხარდაჭერას აიძულებენ. ადგილობირვი ხელისუფლების პირველი პირები აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფენ და ოპონენტებს მტკიცებულებების წარდგენას სთხოვენ.
|