თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ საკადრო ცვლილებები ორ სამინისტროში - თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა სამინისტროებში განხორციელდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე გიორგი ხაინდრავა სერგო ჯანელიძემ ჩაანაცვლა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია დატოვა ლელა ჩიქოვანმა და მოადგილემ - გიორგი ბუბუნაურმა.
ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ - დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე.
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ლევან დავითაშვილის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ: მარიამ ქვრივიშვილი, გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე.