პოლიტიკა
ბესიკ ამირანაშვილი დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებს შეხვდა
სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებს - მარკ კლეიტონსა და რაზვან როტუნდუს შეხვდა.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ნატო-საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების წარმომადგენლებს სამცხე-ჯავახეთის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზე.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას; აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი საქართველოს მეგობარი ქვეყნები არიან. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების მეტად ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, სამხარეო ადმინისტრაციის, დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებისა და საქართველოში ნატო-ს ალიანსის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებად 2 წლის ვადით აირჩა. საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა. საკონტაქტო საელჩო პრაქტიკული და ხელშემწყობი ორგანოა ნატო-ს ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ორმხრივი კონტაქტებისა და ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი ამოცანაა საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით.
გააზიარეთ :