შსს-ის განცხადების მიუხედავად, რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიუხედავად, რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს. დღეს, 24 აპრილს, უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, გზა აღარ გადაეკეტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში "შესაბამისი რეაგირებით" იმუქრებოდნენ.
უწყების შეფასებით, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა "საგრძნობლად შემცირდა" და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არის.
,,აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება", - ნათქვამი იყო განცხადებაში.
სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს იკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით სხვადასხვა ადგილისკენ მიდიან.