იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა
დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პლენარულ სხდომაზე "აგენტების კანონის" მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვას.
დღეს, 29 აპრილს გამართულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას დარბაზიდან 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და სამოქალაქო სექტორის არაერთი წარმომადგენელი გააძევეს. გარდა ამისა, სხდომის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მათ გაძევებამდე უთიშავდა მიკროფონს და არ აძლევდა საუბრის საშუალებას იმ საბაბით, რომ მათი საუბარი არ ეხებოდა კანონპროექტის მეორე მოსმენისას გათვალისწინებულ წესებს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "ქართული ოცნება" არაერთხელ დაადანაშაულეს ცენზურაში. რამდენიმე დეპუტატმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც ოხანაშვილმა სხვა დეპუტატების გაძევება დაიწყო.
პარლამენტის პლენარული სესია 30 აპრილს, 12:00 საათზე დაინიშნა, 15 წუთით ადრე კი ბიუროს სხდომა გაიმართება. სწორედ იქ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეიტანონ თუ არა საკითხი დღის წესრიგში.
იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.
პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.
"აგენტების კანონი", რომლის წინააღმდეგაც 10 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, პარლამენტმა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.