პოლიტიკა
"რუსული კანონი" ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღე იმოქმედებს - პრეზიდენტის ვეტოს დეტალები
ვეტოს დადების შემდეგ, "რუსული კანონი" პრეზიდენტმა პარლამენტს ერთადერთი ცვლილებით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი მუხლი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს - ამის შესახებ იპნ წერს.
პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და 78-ე მუხლებს.
"ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური – მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ხალხის ნებას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე", – ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
პრეზიდენტმა 18 მაისს განაცხადა, რომ "რუსულ კანონს" ვეტო დაადო.
გააზიარეთ :