პოლიტიკა
ვენეციის კომისია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაწვევის „მკაცრ რეკომენდაციას” გასცემს
ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა გადაუდებელი დასკვნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით, რადგან მისი "ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით".
დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ კომისია "მტკიცედ ურჩევს" საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას უცხოეთიდან დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და მაუწყებლების რეგისტრაციისა და მათი გასაჯაროვების მოთხოვნის სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის მათ მიმართ ადმინისტრაციულ სანქციებზე. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომელიც დაინტერესებულ ორგანიზაციებს ავალდებულებს რეგისტრაციას, მათ შორის დაფინანსების წყაროებზე.
დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისიამ გააანალიზა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან კანონის შესაბამისობა. ის ასკვნის, რომ შეზღუდვები, რასაც კანონი აწესებს გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე და პერსონალურ ინფორმაციაზე, არ აკმაყოფილებდეს კანონიერების, ლეგიტიმურობის, პროპორციულობის და აუცილებლობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
,,ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა
და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ მოსაზრებას ე.წ. აგენტების კანონის მიღებამდე.
კომისია წუხილს გამოთქვამს იმაზეც, რომ ეს კანონი, რომელიც მგრძნობიარეა ადამიანის უფლებების მიმართ, ამასთან ძალიან სადავოა ქართულ საზოგადოებაში და ამას მოწმობს მასობრივი გამოსვლები ქვეყანაში, მიიღეს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის წუხილის ღიად უგულებელყოფით და ისეთი პროცედურით, რამაც სივრცე არ დატოვა რეალური დისკუსიისთვის და კონსულტაციებისთვის", - ვკითხულობთ დასკვნაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ამგვარი მოქმედებები არ ჯდება დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ მოთხოვნებში.
„აგენტების კანონი“ ვენეციის კომისიაში 15 აპრილს გაგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა და სთხოვა კომისიას, დაჩქარებული წესით დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა იგი ევროსაბჭოს სტანდარტებს.
გააზიარეთ :