კანონის მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ - ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირის საბჭო ბრიუსელში გამართული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.
განცხადებაში საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ყველაზე შესაფერისი პასუხი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში.
"მიმდინარე საკითხების ფარგლებში საბჭო ინფორმირებულ იქნა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ახალი კანონის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებასა და პრინციპებს. წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოს შესაძლო გადაწყვეტილების მიღების მიზნით" , - წერია განცხადებაში.
ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი გააუქმოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აზრები გავცვალეთ. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია, არც თუ ისე სამწუხაროა, ზოგიერთი თვლის, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.
ნახსენები იყო ვენეციის კომისიის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის თანახმად, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონი გააუქმოს. კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირის შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ და გადაწყვეტილების მიღება ივნისში გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მოხდება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ევროკავშირის წევრები მზად იყვნენ გადაწყვეტილებები ყოველ ჯერზე მიიღონ, როცა ისეთი რამ მოხდება, რაც არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, არ შეესაბამება ევროპულ გზას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მისივე თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.