აგვისტოში "ქართული ოცნება" ნახავს სანქციების სიმძიმეს - თეონა აქუბარდია
რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ისევ კრიტიკა ისმის. მწვავე განცხადებები კეთდება როგორც შტატებიდან, ასევე ევროპიდან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში თქვეს, რომ შესაძლოა ვიზებზე წვდომა შეეზღუდოთ მათ, ვინც დემოკრატიულ პროცესებს ძირს უთხრის. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, კანონი ნეგატიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ევროკავშირის გზაზე. შარლ მიშელმა კი დააანონსა, რომ საქართველოს საკითხი ევროკომისიის მომდევნო სხდომის დღის წესრიგს დაემატება.
პარტნიორების კრიტიკას შეფასებები უკვე მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიცია დასავლეთიდან სანქციებს ელოდება.
უმრავლესობა კი ამბობს, რომ პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებებს და გულწრფელი მხარდაჭერის პირობებში კონკრეტულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება გახდეს ურთიერთობების გადახედვის მიზეზი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, "ქართული ოცნება" აგვისტოში სანქციების შედეგებს იგრძნობს.
,,გაფრთხილებები სანქციებთან დაკავშირებით იყო კანონის მიღებამდე, მიღების შემდეგ კი შედეგი დადგება აშშ-ის მხრიდან სანქციებით. აგვისტოში "ქართული ოცნება" ნახავს სანქციების სიმძიმეს, თუმცა სამწუხაროდ ამას ნახავს ხალხი, მაგრამ ჩვენ გვაქვს წინ ოქტომბერი, როდესაც რუსულ ხელისფულებას გავუშვებთ აქედან და ამას გავაკეთებთ ხალხთან ერთად," - აცხადებს თეონა აქუბრადია.
როგორც პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, სანქციების შემდეგ ვერცერთი მათგანი ვერ გააგრძელებს ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში.
,,იქნება სანქციები კონკრეტული პირების მიმართ ასევე იქნება ეკონომიკური სანქციები კონკრეტული კომპანიების მიმართ. "ქართული ოცნების" წევრებს ჰქონდათ ილუზია, რომ გააგრძელებდნენ ცხოვრებას ისე თითქოს არაფერი არ შეცვლილა მაგრამ ისინი ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებენ," - აცხადებს გეგელია.