პოლიტიკა
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში იმყოფება
პრემიერი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდნენ.
"შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებებს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას.
განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ წვლილი შეიტანოს რეგიონში კონსტრუქციული დიალოგის წარმართვაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს ხელშესაწყობად.
შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე", - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
პრემიერის შემდეგ მირზოიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და სომხეთს შორის 2024 წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია, როგორც ორ ქვეყანას შორის ისტორიული მეგობრობის ლოგიკური გაგრძელება.
შალვა პაპუაშვილმა სომხურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პირველად მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთის მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის მტკიცე კავშირებს. აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს რეგიონული მშვიდობის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი სუმბატ კიურეღიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.
გააზიარეთ :