გამჭვირვალობის კანონს დომინოს ეფექტივით ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მიიღებენ - ნიკოლოზ სამხარაძე
„ჩვენი არგუმენტები ჰაერიდან მოტანილი არ იყო და იმ გამოცდილებას ეყრდნობოდა, რაც არსებობდა ამერიკაში, კანადაში, საფრანგეთში და, ასევე, ევროკომისიის მსგავს დირექტივას. არა მხოლოდ ესპანეთი, არამედ ბევრი სხვა ქვეყანაც ამ მაგალითს მიჰყვება. მით უმეტეს, რომ ევროკომისიას დირექტივა უკვე გამოცემული აქვს, რომელიც ითვალისწინებს უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების გამჭირვალობას. ეს დომინოს ეფექტივით იქნება და ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში კანონი მიღებული იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, იმ დროს როდესაც დასავლეთის ქვეყნები პოლარიზაციის შემცირებას საქართველოს მთავრობას სთხოვენ, კარგად ჩანს, თუ რა ხდება მათ პარლამენტებში.
„როცა პოლარიზაციის შემცირებას ჩვენ გვთხოვენ, კარგად ვხედავთ, სხვა ქვეყნის პარლამენტებში რა ხდება. მაგალითად, გუშინ, საფრანგეთის პარლამენტში ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატს ხელი არ ჩამოართვეს, ხოლო ევროპარლამენტში ფონ დერ ლაიენს დაუძახეს, რომ ციხეში უნდა იჯდეს და არა – სხდომათა დარბაზში. პოლარიზაცია ყველგან არის, მაგრამ რატომღაც გამოყოფილი საქართველოა და მას ასწავლიან ჭკუას პოლარიზაციის შემცირებაზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„როიტერი“ წერს, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიისთვის წესების გამკაცრებას ითხოვს.