8 სექტემბერს, ახალციხეში ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება
რეგიონებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. მუსიკოსები მმართველ გუნდს ღია მხარდაჭერას უცხადებენ. შემსრულებლები მსმენელებს მუსიკალურ ნომრებს შორის შესაბამისი გზავნილებითაც მიმართავენ.
ახალციხეში, ამაღლების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 8 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებასთან დაკავშირებით ქალაქში არაერთი ცვლილება განხორციელდა. 5 სექტემბრიდან გადაიკეტა ცენტრალური ქუჩა, ჩამოიხსნა ათი წლის განმავლობაში უფუნქციო ქუჩის საათი, შეიცვალა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მარშრუტი.
სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდეს.