სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა, არასამთავრობო სექტორთან კი აუდიენციას მართავს
პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ პარტია „ახალის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრები. მათ ორბელიანის სასახლე ცოტა ხნის წინ დატოვეს.
ამ წუთებში პრეზიდენტი უკვე არასამთავრობო სექტორთან მართავს აუდიენციას. პრეზიდენტთან შეხვედრაზე შევიდნენ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.
,,[პრეზიდენტთან ] აზრები გავცვალეთ და ვფიქრობ, რომ ვთანხმდებით მნიშვნელოვან შეთანხმებებზე - დღეს, კონკრეტული გზა გვექნება საზოგადოებისთვის, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული აუდიენციის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნების შედეგები არის დაწერილი და ის რეალობას არ ასახავს.
,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტთან. გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება უახლოეს საათებში. იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე,"- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, განმარტა, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს არ აღიარებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ბრიფინგი 21:00 საათზეა დაგეგმილი. პრეზიდენტი სავარაუდოდ, ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრებს.