არ ვაღიარებ ამ არჩევნებს - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადება მან გააკეთა ორბელიანების სასახლეში, სადაც მის გვერდით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იდგნენ.
ბრიფინგზე, რომელსაც ესწრებოდნენ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები (პრეზიდენტთან კონსულტაციებში ასევე მონაწილეობდა პარტიის, გახარია საქართველოსთვის" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი), პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ არჩევნების აღიარება რუსეთის საქართველოში შემოსვლას ნიშნავს.
"მე მინდა დღეს აქ ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამის აღიარება არ შეიძლება, ესაა იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ საქართველოში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას ჩვენ არ შევეგუებით, არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი", - თქვა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, ხელისუფლებამ ყველა ხერხი გამოიყენა და დამატებით - ტექნოლოგიები, "რათა გაეთეთრებინა გაყალბება".
"ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე. რამდენიმე თვის წინ ამ ხელისუფლებამ, რომელსაც დავარქმევ ძალაუფლებას და არა ხელისუფლებას, მიიღო რუსული კანონი და მთელი რიგი რუსული კანონები. ეს არჩევნები არ შედგა, არ იქნა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი ვერ გახდის ამ არჩევნებს ლეგიტიმურს".
პრეზიდენტმა ხვალ, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქცია დააანონსა და მოსახლეობას მიმართა, რომ ერთად დადგნენ და გამოაცხადონ, რომ "არ ვაღიარებთ, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, ახალი ფორმის დაპყრობას".