პოლიტიკა
მილიონერი დეპუტატების სიაში ანტონ ობოლაშვილი მოხვდა
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების სიიდან ერთი მილიარდერი და 16 მილიონერი მოხვდა, მათ შორის არის სამცხის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, რომელიც მმართველი პარტიის სიაში 37-ე ნომრად იყო რეგისტრირებული.
ქართული ოცნების დეპუტატთა ქონება, რადიო ,,თავისუფლებამ" გაარკვია. tv9news.ge გთავაზობთ, ბორჯომის, ახალციხისა, ასპინძისა და ადიგენის დეპუტატის ქონებრივ მდგომარეობას.
ანტონ ობოლაშვილი #37
50 წლის ანტონ ობოლაშვილი ცოლთან - ლია ობოლაშვილთან ერთად ცხოვრობს. დეპუტატმა ბოლო დეკლარაცია 2024 წლის 22 თებერვალს შეავსო.
ცოლ-ქმარს ეკუთვნით ბინები თბილისში, ბაკურიანში, პარიზში, დუბაიში და მიწის ნაკვეთები ადიგენის მუნიციპალიტეტში. გასულ წელს ქონების გადასახადში მათ 10 ათას ლარზე მეტი გადაიხადეს.
დეპუტატი ოთხი წელია ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, თუმცა მხოლოდ „სტუდია მონიტორის“ მომზადებული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ, 2024 წლის თებერვალში ასახა დუბაიში 2015 წელს შეძენილი ორი ბინა, რომელთა ღირებულებაც 3 მილიონ ლარს აღემატება. მასვე ეკუთვნის პარიზში 1,2 მილიონ ევროდ ნაყიდი ბინა და ავტოფარეხი.
ცოლ-ქმრის სახელზეა რეგისტრირებული სამი ავტომობილი, მათ შორის, ავტომობილი PORSHE-CAYENE შეძენილია 2023 წლის ნოემბერში 127 000 ევროდ, და სამი ძვირადღირებული საათი.
დეპუტატის შემოსავლის ძირითადი წყაროა ფარმაცევტული კომპანია „გლობალფარმიდან“ მიღებული დივიდენდი. პარლამენტში მისი ხელფასი წლიურ 43 ათას ლარამდე იყო, კუთვნილი კომპანიიდან კი 100-ჯერ მაღალი შემოსავალი აქვს მიღებული.
სწორედ ეს კომპანია გახდა „თავისუფლების მონიტორის“ საგამოძიებო სიუჟეტის თემა, სადაც აღწერილი იყო მანკიერი სქემა - როგორ უნიშნავდნენ ფარმაცევტული კომპანიებიდან მიღებული თანხის სანაცვლოდ ექიმები პაციენტებს ამ კომპანიების მედიკამენტებს.
ანტონ და ლია ობოლაშვილების საბანკო ანგარიშებზე 180 ათას დოლარზე, 110 ათას ევროსა და 60 ათას ლარზე მეტი თანხა აქვთ დეკლარირებული. დამატებით კი ნაღდი ფული - 40 ათასი დოლარი, 35 ათასი ევრო და 80 ათასი ლარი.
ანტონ ობოლაშვილი დაიბადა 1974 წლის 1 მარტს. 1991 წელს დაამთავრა ახალციხის №1 საშუალო სკოლა. 1992-1998 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში, ეკონომიკის ფაკულტეტზე.
2004 წელს დააფუძნა შპს „გლობალფარმის“ და არის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი. 2016 წლიდან 2020 წლამდე იყო შპს „გლობალფარმის“ გენერალური დირექტორი.
2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატად. მან ხმათა 61,85% (33 149 ხმა) მიიღო და გახდა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.
გააზიარეთ :