პოლიტიკა
ოპოზიციამ 24 -საათიანი პროტესტი დააანონსა
24 საათიანი პროტესტის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადეს. ელენე ხოშტარიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა, საზოგადოებისთვის შემდგომი გეგმა მოგვიანებით გახდება ცნობილი და პროტრესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დაინიშნება სამართლიანი არჩევნები.
„წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია - ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ „ოცნების“ დღის წესრიგით სიარულს. ასევე ჩვენ არ ვაპირეთ მათი ძალადობრივი გეგმებით სიარულს. ჩვენ ვართ არაძალადობრივი, მტკიცე წინააღმდეგობის მოძრაობა. ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, რუსთაველზე მდგომ ხალხს, თსუ-სთან ვჩერდებით, დღეს გავათევთ ღამეს, 24-საათი აქ ვიქნებით, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები.
არჩევნები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს. ყველაფერი უზრუნველყოფილია. ჩვენ ახლა აქ მოვაწყობთ ყველაფერს, ეს ქაოტური პროცესი არ არის. ეს დაგეგმილი პროცესია, რომელსაც ელემენტარული შემართება სჭირდება და რომელიც ყველა თქვენგანს ყველაზე მეტად გაქვთ, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკოსს და პარტიას. მთავარი მამოძრავებელი ძალა თქვენ ხართ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. ისმოდა შეძახილები: „საქართველოს გაუმარჯოს“.
ამ დროისათვის ჭავჭავაძის გამზირზე სამი კარავია გაშლილი. ადგილზე მიიტანეს პლედები და „პარალონები“.
როგორც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას გააცხადა, წამზომი ჩაირთო და მომდევნო 24 საათი საღამოს 8 საათამდე ისინი ჭავჭავაძის გამზირზე იქნებიან.
,,ჩვენ 25 ნოემბრისთვისაც ვემზადებით, ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ცოტა განსხვავებულ პროტესტს მივეჩვიოთ, იმისთვის, რომ გავაღვიძოთ და გავიხსენოთ, რომ არსებობს განსხვავებული პროტესტებიც და ღამე დარჩენაც" - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მომავალ აქციებზე იქნება არა ერთი, არამედ პარალელურად სხვადასხვა ლოკაცია.
გააზიარეთ :