დღეს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნება
დღეს, 25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.
საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. ასეთია “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძე, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.
პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 76 დეპუტატი ესწრება.
ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე არ იქნებიან წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, მას მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ მოუწვევია.
ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, XI მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. სახელისუფლო უმრავლესობა პარტია “ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, რომელიც 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს “კოალიციას ცვლილებებისთვის“, 16 მანდატი - “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში 14 წევრის შეყვანა შესძლო “ძლიერმა საქართველომ“, ხოლო პარტიას “გახარია საქართველოსთვის“ 12 მანდატი მიენიჭა.
“ქართული ოცნების“ გარდა, არცერთი ბარიერგადალახული პარტია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.