პოლიტიკა
დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა კონსტიტუციის უხეში დარღვევაა - ორგანიზაციები
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) აცხადებს, რომ დღეს 25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარება და დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა კონსტიტუციის დარღვევაა. ორგანიზაციის შეფასებით, ირღვევა პარლამენტის რეგლამენტიც.
TI-მ ჩამოთვალა ის სამართლებრივი არგუმენტები და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაგეგმილ აქტივობებს უკანონოს უწოდებს:
- საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს პრეზიდენტი.
- ამავე მუხლის თანახმად, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის (100 წევრის) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შედის იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.
- საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს არჩევნების ფარულობის დარღვევისა და საყოველთაო, თავისუფალი არჩევნების უფლების დარღვევის გამო.
- უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული პარლამენტის არჩევნები მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლისა და ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო სასამართლოებში ასეულობით სარჩელი წარადგინეს ცალკეულ უბნებსა და ოლქებში არჩევნების შედეგების ბათილობის მოთხოვნით. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოსახლეობაში დიდი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. არჩევნების შედეგი არ ცნო საერთაშორისო საზოგადოებამ.
- ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოში სპეციალურ მისიას გამოაგზავნის, რომელიც საარჩევნო დარღვევებს შეისწავლის. საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელია წარდგენილი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით.
პარლამენტის სხდომის გამართვასა და დეპუტატებისათვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა "სამართლიანმა არჩევნებმაც".
"საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე, პარლამენტის 30-მა წევრმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, რითაც გასაჩივრებულია პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ 25 ნოემბერს ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია და არღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს" - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში.
გააზიარეთ :