ჩინეთში საქართველოს დესპანი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება
ჩინეთში საქართველოს დესპანი მამუკა ციხელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადებას აწერს ხელს, რომელშიც წერენ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.
როგორც უკვე ცნობილია, ბულგარეთის ელჩის თანამდებობიდან გადადგა ოთარ ბერძენიშვილიც, მან ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას სოციალურ პლატფორმა X-ით აცნობა.
„ჩემი ვრცელი დიპლომატიური სამსახურის მანძილზე (ორ ათწლეულზე მეტი) აქტიურად ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან, მყარი და ნდობით აღსავსე სტრატეგიული პარტნიორობის შენებაში. ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა არ უნდა შეირყეს, ან კომპრომეტირებული იყოს არავითარ შემთხვევაში. არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ“, - წერს ელჩი.