თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.
„ჩვენი, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, უმთავრესი მოვალეობა არის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების აღსრულებას, ერთი მხრივ - თავდაცვის ძალების აღმშენებლობით, ხოლო მეორე მხრივ - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობით.
სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისა და სუვერენიტეტის გამყარების უალტერნატივო გზა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი, რაც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული და უწყებრივი დონის ყველა კონცეპტუალური დოკუმენტით.
ვაცნობიერებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასავლელი პარტნიორების წვლილს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა.
ვემსახურებით საქართველოს!“ -ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს 40-მდე მოქმედი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.