პოლიტიკა
შეშფოთებული ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების შესახებ ცნობებით - შეფასებები უცხოეთიდან
შეშფოთებული ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების შესახებ ცნობებით, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების მიხედვით, საფრანგეთი ყურადღებით აკვირდება ვითარებას საქართველოში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთი ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მხარს დაუჭერს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს.
„საფრანგეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას. ჩვენ შეშფოთებული ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების შესახებ ცნობებით და მოვუწოდებთ, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებებს.
ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცე კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მხარს დაუჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს, რომლის ღალატიც დაუშვებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დანია
დანია შეშფოთებულია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გერმანია
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
"საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს ომს. თუმცა, თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს. ევროპამ უნდა გაიღვიძოს. ჩვენ უნდა დავდგეთ თავდადებული ევროპელების გვერდით. საქართველოში ჩვენი საერთო ღირებულებები საფრთხის ქვეშაა" - წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ზე.
გაერო
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში ჯინა რომერო ეხმაურება და საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ჯინა რომერო ყურადღებას ამახვილებს პროტესტის უფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებზე და თბილისში საპოლიციო ძალების მიერ წიწაკის სპრეის მიზანმიმართული გამოყენებისა და წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების კომბინაციის შესახებ ცნობებს განსაკუთრებით შემაშფოთებელს უწოდებს.
"საქართველოდან ვიღებ შემაშფოთებელ ცნობებს პოლიციის ძალადობის შესახებ მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის მოლაპარაკებების გადადებას აპროტესტებენ. მოვუწოდებ მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას და შეწყვიტოს ნაკლებად სასიკვდილო იარაღის ბოროტად გამოყენება. ვაკვირდებით საქართველოს" - წერს ჯინა რომერო X-ზე.
ნორვეგია
შეშფოთებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ აიდემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარეკებები დემოკრატიული რეფორმის მთავარი მექანიზმია.
"ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით. ვწუხვარ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, რაც დემოკრატიული რეფორმის მთავარი მექანიზმია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას', – წერს სოციალურ ქსელში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ფინეთი
იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი - ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენ კვლავ ვხედავთ ქართველი ხალხის მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. საქართველო ევროპაა", - წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი.
პოლონეთი
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ქართული ოცნების" მხრიდან EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლების ნაბიჯით "იმედგაცრუებულია".
სამინისტრო ასევე წერს, რომ ქართულ საზოგადოებას პროევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს და ხელისუფლებას მოუწოდებს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციაზე არ იძალადოს.
"პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გაწევრიანების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. პოლონეთი ერთგული რჩება ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის საქმეში და საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიმართოს ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ", - წერია განცხადებაში.
გააზიარეთ :