საქმე შანტაჟის ნაცვლად - ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს პასუხობს
„საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 1 დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე და დაამატა, რომ ვრცელდება სიცრუე, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
„არათუ ევროინტეგრაციის პროცესს არ ვაჩერებთ, არამედ კიდევ უფრო ვააქტიურებთ ჩვენს ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. ამ ფონზე, სამარცხვინო და შემაშფოთებელია, რომ რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი ენჯეოების თუ მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ევროკავშირის ელჩიც ჩაერთო“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
პრემიერ მინისტრი მიმართავს ევროკავშირს ელჩს, რომ თუ მოლაპარაკებები გაიხსნება, საქართველოს ხელისუფლება მზადაა დღესვე მოაწეროს ხელი.
კობახიძის განცხადებით, 2030 წელს, ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანება არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინაშე.
მისივე თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ქვეყანამ მიიღო ვიზალიბერალიზაცია.
კობახიძემ შემაშფოთებელი უწოდა იმას რომ ევროკავშირს, მისი სიტყვებით „ არ დაუგმია ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ განხორციელებული უხეში სისტემური ძალადობა“.
28 ნოემბრიდან, თბილისსა და რეგიონებში, მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას - საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, პრემიერ–მინისტრმა, 28 ნოემბერს, ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროპარლამენტარებმა, რეზოლუციის ტექსტში ჩაწერეს, რომ პარლამენტი არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მისი არადემოკრატიულობის გამო და ითხოვს პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, კახა კალაძისა და შალვა პაპუაშვილისთვისა და მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესებას.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სამჯერ დაშალეს ძალის და სპეცსაშუალებების გამოყენებით და 200-მდე პირი დააკავეს. სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.
შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.