4 წელიწადში შეიქმნება 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი - ირაკლი კობახიძე
„ჩვენი მიზანია, 4 წელიწადში 130 მლრდ ლარამდე გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა. შესაბამისად, გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტიც,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„შარშანდელი ბიუჯეტი თუ იყო 28 მლრდ ლარი, 4 წელიწადში ჩვენი ბიუჯეტი იქნება 40 მლრდ ლარზე მეტი; შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, შესაბამისად, 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა.
გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები აეროპორტების მშენებლობა-გაფართოებასთან დაკავშირებით, ანაკლიის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, შავი ზღვის კაბელის პროექტი. 4 წელიწადში 8 000 მეგავატს უნდა გადააჭარბოს ელექტროენერგიის გამომუშავებამ.
ძალიან დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით. მაქსიმალურად იყო დაკნინებული ეროვნულ სასწავლო გეგმაში პატრიოტიზმის, პატრიოტული აღზრდის, საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერების მნიშვნელობა და ამან სამწუხაროდ, შედეგები გამოიღო.
თუმცა არაფერია დაგვიანებული და ყველაფერი გაკეთდება, რათა სათანადო ყურადღება დაეთმოს ჩვენი ბავშვების, მოსწავლეების სათანადო აღზრდას და სათანადო განათლების მიწოდებას. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების დეპოლიტიზება. 4 წლის თავზე გვექნება თვისებრივად გაუმჯობესებული გარემო ჩვენი სტუდენტებისთვის და თვისებრივად ამაღლებული სწავლების ხარისხი“, - აღნიშნა პრემიერმა.