მოხდეს საყოველთაო დაუმორჩილებლობა და გაფიცვა მთელ საქართველოში - გიორგი ვაშაძე
ჩვენ არამხოლოდ უნდა გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, გაფიცვა მოხდეს მთელ საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ბრძოლა ბოლომდე უნდა მიიყვანონ.
„ძალადობის ახალი ეტაპს, რასაც ჩვენ თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან ველოდით, ჩვენ ამას ერთიანობას, ერთიანობას და კიდევ ერთხელ ერთიანობას ვუპირისპირებთ. დავიცავთ ყველა ახალგაზრდას ყველა მექანიზმით და დარწმუნებული ვარ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ, ვიდრე ყველა მათგანი იქნება თავისუფალი. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ ჩვენ არამხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, გაფიცვა მოხდეს მთელ საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც ყველამ ერთად, კოორდინირებულად, ერთსულოვნად უნდა შევასრულოთ"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობდა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებს გარეთ უცნობი პირები დახვდნენ. აღნიშნულ პირების ნაწილის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან, მათ სახეზე ნიღბები ეკეთათ.
ამ წუთებში, პოლიცია მხარეებს შორის ვითარების განმუხტვას ცდილობს.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს პირები სუს-სი „ტიტუშკები“ არიან. ამ ეტაპზე ოპოზიციის ნაწილი ტერიტორიის დატოვებას ცდილობს.