პოლიტიკა
როგორ პასუხობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ტრამპის დაწესებულ ტარიფებს
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბლოკავს კანადასთან მიმართებაში ტრამპის მიერ ადრე გამოცხადებული 25%-იანი ტარიფის ამოქმედებას.
კანონპროექტმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად სენატში 51 ხმა მიიღო, 48-ის წინააღმდეგ.
როგორც „ბიბისი“ წერს, ანალიტიკოსების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში განიხილონ, რომელსაც ასევე რესპუბლიკელები აკონტროლებენ. იმ შემთხვევაშიც, თუ კანონპროექტს პალატაში განიხილავენ, ტრამპს შეუძლია, ვეტო დაადოს მას.
კანადა
ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ძირეულად შეცვლის საერთაშორისო სავაჭრო სისტემას, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.
კანადა, ისევე, როგორც მექსიკა, არ მოხვდა დღეს გამოცხადებული ქვეყნების სიაში, რომლებსაც დონალდ ტრამპმა ტარიფები დაუწესა, თუმცა კანადის მიმართ მანამდე გამოცხადებული 25-პროცენტიანი ტარიფები მოქმედებს იმ საქონელზე, რომელიც არ შედის USMCA-ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში.
ტრამპის განცხადების შემდეგ, კარნიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „შეინარჩუნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების მთელი რიგი მნიშვნელოვანი ელემენტები“, თუმცა აღნიშნა, რომ ფენტანილზე, ფოლადსა და ალუმინზე, ასევე ავტომობილებზე დაწესებული ტარიფები ძალაში დარჩება.
კარნიმ ასევე ისაუბრა დამატებით ტარიფებზე, რომელთა განხილვასაც აშშ აპირებს ფარმაცევტულ პროდუქტებზე.
ჩინეთი
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ მოუწოდა აშშ-ს, „დაუყოვნებლივ გააუქმოს ცალმხრივი სატარიფო ზომები და სავაჭრო დავები მოაგვაროს პარტნიორებთან თანასწორი დიალოგის გზით“.
„ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამ ნაბიჯს და გადამჭრელ საპასუხო ზომებს მიიღებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
როგორც „ბიბისი„ წერს, ჩინეთი, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად დაზარალდა ტრამპის დღევანდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც ყველა ჩინურ საქონელზე დამატებით 34% ტარიფი დააწესა, იმ 20%-ის გარდა, რომელიც უკვე მოქმედებდა.
ავსტრალია
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სავაჭრო ტარიფები სრულიად გაუმართლებელია და შეცვლის ორი ქვეყნის ურთიერთობის აღქმას. ავსტრალიას, რომელიც აშშ-ის ახლო მოკავშირეა, ათპროცენტიანი ტარიფი დაუწესდა.
„ეს ტარიფები მოულოდნელი არ იყო, მაგრამ მინდა, ნათელი ვიყო – ისინი სრულიად დაუსაბუთებელია. ეს არ არის მეგობრის ქმედება. დღევანდელი გადაწყვეტილება გაურკვევლობას გაზრდის გლობალურ ეკონომიკაში და ეს გაზრდის ხარჯებს ამერიკული ოჯახებისთვის“, – განაცხადა ალბანესმა.
ალბანესის თქმით, ავსტრალიასა და აშშ-ს შორის საერთო ისტორია, მეგობრობა და ალიანსი „უფრო დიდია, ვიდრე ცუდი გადაწყვეტილება“, მაგრამ ამ ნაბიჯმა შეიძლება, შეცვალოს ავსტრალიელების წარმოდგენები ქვეყნის აშშ-სთან ურთიერთობების შესახებ.
ისრაელი
ისრაელმა აშშ-ის პროდუქციაზე დაწესებული ყველა ტარიფი გააუქმა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ბაზარზე მეტი კონკურენციის ხელშეწყობას, ეკონომიკის მრავალფეროვნების გაზრდასა და ისრაელის მოსახლეობის საცხოვრებელი ხარჯების შემცირებას.
„ისრაელის ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის ეკონომიკური სარგებლის გარდა, ეს ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო გავაძლიეროთ ალიანსი და კავშირები ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ბარიერებისა და ტარიფების მოსახსნელად და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ევროკავშირი
ტრამპის ტარიფები მსოფლიო ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმაა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„პრეზიდენტ ტრამპის განცხადება ტარიფების შესახებ, მათ შორის ევროკავშირის მიმართ, დიდი დარტყმაა მსოფლიო ეკონომიკისთვის. ნათლად უნდა გვესმოდეს უზარმაზარი შედეგები: მსოფლიო ეკონომიკა მასიურად დაზარალდება, გაურკვევლობა გაღრმავდება და გამოიწვევს პროტექციონიზმის შემდგომ ზრდას. შედეგები მძიმე იქნება მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ტარიფები გავლენას მოახდენს მომხმარებლებსა და ბიზნესებზე, რომლებიც, როგორც წესი, იხდიან დამატებით გადასახადებს მსგავსი ზომების გატარების შემდეგ.
„ყველა ბიზნესი, დიდი და პატარა, დაზარალდება პირველივე დღიდან. განსაკუთრებით დააზარალებს ყველაზე მოწყვლად მოქალაქეებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბიზნესის წარმოების ხარჯები მკვეთრად გაიზრდება. უფრო მეტიც, თითქოს არავითარი წესრიგი არ არსებობს ამ უწესრიგობაში – არ არის ნათელი გზა იმ სირთულესა და ქაოსში, რომელიც იქმნება, რადგან ყველა მთავარი სავაჭრო პარტნიორი ზარალდება“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მან ასევე ისაუბრა საპასუხო ზომებზე ტრამპის ტარიფების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ევროპა „უკვე ასრულებს პირველი პაკეტის მომზადებას ფოლადზე პირველი ტარიფების საპასუხოდ“ და ამზადებს დამატებით საპასუხო ზომებს იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ვერ შედგება.
გააზიარეთ :