ოთხი ოპოზიციური პარტია დღეიდან საინფორმაციო ცენტრს აამოქმედებს
ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია დღეს საინფორმაციო ცენტრს აამოქმედებს, რომელიც საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე განახლებულ ინფორმაციასა და პოლიტიკური ოპოზიციის შეფასებებს მიაწვდის.
აღნიშნულის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, საზოგადოებას ადეკვატური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ყველაფერ იმაზე, რაც ხდება.
„დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მუდმივად მოგაწვდით განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკანონოდ დაკავებულ ყველა ადამიანს, რომლებიც არიან გატაცებული უკანონოდ. უკვე იმდენი ადამიანია დაკავებული, თბილისშიც ვეღარ ატევენ და რეგიონებში მიჰყვათ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს უკანონო რეჟიმი არის ლპობის ფინალურ სტადიაზე. ის ფაქტი, რომ ასე იქცევიან, ადასტურებს იმას, რომ მათ, გარდა უხეში ფიზიკური ძალისა, არ დარჩათ არანაირის სხვა რესურსი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. უამრავი პატიოსანი, პატრიოტი საჯარო მოხელე ემიჯნება ამ ყველაფერს და უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პარტია ეწევა საქართველოში“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
გარდა ამისა, ცუცქირიძე პოლიციას მიმართავს, კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები დაიცვან, „ქართულ ოცნებას“ კი მოუწოდებს, ხელახალი არჩევნები დანიშნოს.