სალომე ზურაბიშვილის ვადის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება
პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვის სამსახური აღარ მოემსახურება.
აღნიშნულ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს, მას იურიდიულ კომიტეტზე პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირეს. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა ნიშნავს, რომ მას, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღებენ.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, რითაც „ქართული ოცნების“ სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა პარლამენტმა მისი იმპიჩმენტი ვერ შეძლო არასაკმარისი ხმების გამო.
იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ პარლამენტი „ქართული ოცნების“ წევრების ინიციირებულ კანონპროექტს მიიღებს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება. პრეზიდენტის ახალი არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ 14 დეკემბერს დანიშნა, ინაუგურაცია კი – 29 დეკემბერს. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება 29 დეკემბერს ამოეწურება. თავად პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი და მთავრობა არალეგიტიმურია და სანამ ლეგიტიმური არჩევნები არ ჩატარდება, მისი მანდატი ძალაში დარჩება.