რას შეეხება ბრიტანეთ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შეზღუდვა
შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდიმ ქართულენოვან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ელჩი აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვხედავთ თუ როგორ გამოხატავს ქართველი ხალხი წინააღმდეგობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შესახებ. შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.
როგორც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ძალადობა მიუღებელია და უნდა შეწყდეს. შესაბამისად, მინისტრმა ასევე შეზღუდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, როგორც საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანამშრომლობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსებას, ასევე, ვზღუდავთ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, მაგალითად, აღარ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობაში. ასევე, შევზღუდავთ პოლიტიკურ შეხვედრებს და ურთიერთობას. უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს ვერ განვაახლებთ ამ ვითარებაში"- განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.
მისივე თქმით, 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და სახალხო დამცველის ინფორმაციის მიხედვით, უმეტესობას აღენიშნება ცემის ნიშნები. ელჩის განცხადებით, უნდა ჩატარდეს სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ.
გარეტ უორდიმი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, მოუსმინოს იმ დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც 20 წელზე მეტია მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას რუსული ზეწოლის წინააღმდეგ.