რუსული კანონი - პრემიერის ღიაობა მსჯელობისთვის თუ ოპოზიციის წითელი ხაზი
„ქართული ოცნების" ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს (ე.წ. აგენტების კანონი) მხოლოდ მაშინ შეცვლის, თუ „სამართლებრივ ხარვეზებს" დაუსაბუთებენ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 20 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
დაახლოებით ერთი საათით ადრე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეცვლის დაპირება და ამ მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. ბერსეს ინფორმაციით, პროცესში ჩართული იქნება ვენეციის კომისია.
ირაკლი კობახიძის თქმით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ამ საკითხზე მსჯელობასთან მიმართებით ღიაობა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა კანონმდებლობაზე, მათ შორის მსჯელობა გვქონდა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ღიაობა მსჯელობასთან მიმართებით. ჩვენ ღია ვართ მსჯელობისთვის. ასეთი ღიაობა ჩვენ დაფიქსირებული გვქონდა კანონის მიღების პროცესში, მისი მიღების შემდეგაც. კიდევ ერთხელ ვამბობთ, თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის, მათ შორის, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან“,- განაცხადა კობახიძემ.
საპასუხოდ, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ მოთხოვნები უცვლელია: ,,უპირობო თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და ახალი, სამართლიანი არჩევნები. რუსული კანონის მიღება, რომელიც უდიდესი ბოროტება და სივერაგეა, ამ ქვეყანაში შესაძლებელი იმიტომ გახდა, რომ ჩვენ სახელმწიფო მოგვტაცეს: ეს ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთა რუსმა ოლიგარქმა, წლების განმავლობაში.
პარლამენტი მიტაცებულია, საერთო სასამართლო მიტაცებულია, საკონსტიტუციო სასამართლო მიტაცებულია, საგამოძიებო უწყებები მიტაცებულია, უსაფრთხოების სამსახურები მიტაცებულია, საარჩევნო ადმინისტრაცია მიტაცებულია, მედიის მნიშვნელოვანი წილი მიტაცებულია!
რუსული კანონის შემდეგ კიდევ იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა - 26 ოქტომბერს, შემდეგ 28 ნოემბერს, შემდეგ ყოველ დღე და ღამე 28 ნოემბრის მერე, ერთი რუსული კანონის შეცვლა, თუნდაც უკან წაღება, ამას ვეღარ შეცვლის.
თორემ არ იქნება ერთი რუსული კანონი, იქნება მეორე - ოფშორების, საჯარო მოხელეების რეპრესიის და ა.შ. და ა.შ.
ივანიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება გააჩერა, რახანია. ჩვენ ის უნდა აღვადგინოთ, ქართული კონსტიტუციის მოქმედების პირობებში კი ვეღარანაირი რუსული კანონი ვეღარ იარსებებს და ავტომატურად გაქრება.
არ ვაპირებ თანამოქალაქეების დალეწილ ძვლებზე და გადამწვარ ნერვებზე გადავიარო.
არა რუსულ ხელისუფლებას!“- წერს ანა ნაცვლიშვილმა.