სანქციების შედეგად მატულობს ქვეყნის იზოლაცია - სალომე ზურაბიშვილი
როცა არჩევნები არ შემდგარა და ნდობა აღარ არის უკვე ქვეყანასა და საზოგადოებაში ამ არჩევნების შედეგის, ესე იგი, ყველაფერი დანარჩენი, რაც მოჰყვება დემოკრატიულ სისტემაში არჩევნებს, აღარ არის დამაჯერებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, კრიზისი დღითი დღე მატულობს და ღრმავდება, რაზეც “ქართული ოცნება” თვალს ხუჭავს და ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი კარგად არის.
"კრიზისი ღრმავდება ასევე სანქციების ფონზე. სანქციების გამო და სანქციების შედეგად მატულობს ქვეყნის იზოლაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვრჩებით ჩვენი მცირე რესურსებით და ეს გადადის ეკონომიკაზე, ფინანსებზე და ყოველდღიურად იკვეთება ეს ღრმა კრიზისი და შეიძლება, საშიშ ნიშნულსაც მიაღწიოს.
რადგანაც ეს კრიზისი დღითი დღე მატულობს და ღრმავდება, რასაც, როგორც ჩანს, მმართველი პარტია ან ვერ ხედავს ან უფრო, მე ვიტყოდი, რომ თვალს ხუჭავს, არ უნდა, რომ დაინახოს და ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს მთავარია ქალაქის განათება, ან საშობაო სოფლის გამართვა, ან ნაძვის ხის დადგმა, ან კონცერტების გამართვა, როცა, რეალურად, არავინ არის კონცერტის ხასიათზე, თუნდაც ისინი, რომლებიც ვითომ თავს თვლიან გამარჯვებულად"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.