რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის - კობახიძე ივანიშვილის სანქციებზე
ეს არის რეალურად ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ფორმალური დასანქცირებით არაფერი შეცვლილა, რადგან დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებულია.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში თითქმის ფორმალური სანქციებით. ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, არ ვიცი. სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა. დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო - ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ, საკვანძო ინტერესებს, ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე-ფაქტო სანქციები და ახლა უკვე, საბოლოო ჯამში, მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა, რეალურად არაფერი შეცვლილა, მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული. სამი წელი, უბრალოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. ახლა უკვე აამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია. არაფერი განსაკუთრებული, რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.
განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს".
ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის".
„ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.