"ქართული ოცნება" დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში გამოთქმულია „უკიდურესი შეშფოთება, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, „ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი“.
"დღეს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა შეუნარჩუნა და ეკონომიკა გაუსამმაგა,
დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.
სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა”, - წერია განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ შუამდგომლობა შევიდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო, გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში“. წინადადება თემთა პალატას 13 იანვარს წარედგინა. ამ დროისთვის მას პალატის 13 წევრი აწერს ხელს.