მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, შეწყალება ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ეფუძნება "ჰუმანიზმის პრინციპს".
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.
გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად”, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიხეილ ყაველაშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალებას გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი და აღნიშნა, რომ ამ აქტის მიზანი რეპრესიებისთვის საჭირო „სამუშაო ძალის“ დამატებაა.
„რაც უნდა გენიოსზე ვსაუბრობდეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია 613 მსჯავრდებულის ინდივიდუალური საქმე და შეწყალების რისკები 20 დღეში შეისწავლო. მითუმეტეს, ვსაუბრობთ საბაზისო განათლების არმქონე დე ფაქტო პრეზიდენტზე.
არ შეიძლება ამ მასშტაბის შეწყალება კრიმინალის მდგომარეობის და რეციდივის ანალიზის გარეშე. ამნისტიაზეც ვითხოვდით ანალიზის წარმოდგენას და რა თქმა უნდა, ვერ წარმოადგინეს.
ასეთ შეწყალებას ქვეყანაში, სადაც რეჟიმის „ბეზპრიძელია“ და ქუჩაში არაფორმალი ნიღბიანები დარბიან, ერთადერთი მიზანი აქვს: რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება. და თუ მიზანი ეს არ არის, მაშინ სად არის ანალიზი?“ — წერს ნათია მეზვრიშვილი.