დღეს საქართველოში რეპრესიებია - სალომე ზურაბიშვილი
დღეს საქართველოში რეპრესიებია. უდანაშაულო ხალხს, ჟურნალისტებს, მსახიობებს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მიათრევენ პოლიციის განყოფილებებში, ბრალს უყენებენ და განაჩენი გამოაქვთ შეთხზული ბრალდებებით, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ახლა, როცა აქ ვსაუბრობ, ერთ-ერთ ცნობილ მსახიობის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ასევე, არაცნობილი ადამიანებიც იგივე რეპრესიებისა და უკანონობის ქვეშ იმყოფებიან. შეიძლება 11 წელი მიუსაჯონ არაფრის გამო, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის გამო. მთავრობა, რომელიც რუსეთის ტაქტიკას ასახავს, სასამართლო სისტემას და პოლიციას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღად იყენებს”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მხოლოდ საკუთარი სამუშაოს შესრულების გამო დააკავეს.
„არსებობს ქალბატონი მზია ამაღლობელის ცნობილი საქმე. ეს არის პატივცემული ჟურნალისტი, რომელიც დააპატიმრეს უბრალოდ საკუთარი სამუშაოს შესრულების გამო, აშუქებდა რა საპროტესტო აქციებს. ყველა მსახიობს და სტუდენტს, რომელიც შეუერთდა მშვიდობიან დემონსტრაციებს, ბრალი წაუყენეს ჯგუფური ძალადობისთვის. ესენი კრიმინალები არ არიან, ესენი არიან რიგითი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ თავისუფლების. დღევანდელ საქართველოში დემოკრატიის რწმენა საკმარისია იმისთვის, რომ გისოსებს მიღმა ჩაგსვან. საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტებს, მათ, ვინც უნდა ემსახურებოდნენ თავიანთ ქვეყანას და მოსახლეობას, გამოთქმული მოსაზრებების გამო არხის მმართველი საბჭოს წევრები საჯაროდ სდებენ ბრალს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, რომელიც უნდა გამოიძიოს გენერალურმა პროკურორმა. 1937, სამწუხაროდ, ძალიან ახლოს ჟღერს“, - აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
ამასთან, ზურაბიშვილის შეფასებით, "მმართველი პარტია, რომელიც ამ დაუსრულებელ რეპრესიებს ახორციელებს, ქვეყანას არ მართავს".
„არ არსებობს ეკონომიკური პოლიტიკა, არ არსებობს საგარეო პოლიტიკა, რომელიც ხელის ჩამორთმევის ფარგლებს სცდება, რათა მოსახლეობას აჩვენოს, რომ სადღაც, ვიღაც მათ აღიარებს, არ არსებობს პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ქვეყანა უფრო ეფექტური, სტაბილური გახადოს და მიმართული იქნება სოციალური პრობლემების გადაჭრისა და მოსალოდნელი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის თავიდან აცილებაზე. რეპრესიები გახდა ერთადერთი და ექსკლუზიური პოლიტიკა. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ დემოკრატიის ეროზია, ეს არის დემოკრატიის სისტემატური ნგრევა, რაც სახელმწიფოს დე ფაქტო გაუქმებას იწვევს. არ არის დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტები. პარლამენტი რეალურად არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ის ერთპარტიულია, ოთხი თვის განმავლობაში არც ერთი განხილვა არ ჩატარებულა. ასევე, არ არსებობს რაიმე სახის დამოუკიდებელი სამინისტრო ან უწყება. ერთპარტიულმა, მაგრამ რეალურად ერთი კაცის მმართველობამ სახელმწიფოზე კონტროლი დაამყარა, მის პოლიტიკაზე, სოციალურ ცხოვრებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობა ალყაშემორტყმულია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ ეხება და ევროპისთვის გამოცდას წარმოადგენს.
„ჩემს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები არის მოსკოვის მიერ შემუშავებული უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რათა აღადგინოს თავისი კონტროლი შავ ზღვაზე, კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიასთან ევროპის წვდომაზე. შავი ზღვა, როგორც ყველამ ვიცით, უკვე ბრძოლის ველად იქცა, მაგრამ რუსეთი აფართოებს სამხედრო გავლენას ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში და მას საზღვაო ბაზად აქცევს. ეს, ყირიმის მიმდინარე მილიტარიზაციასთან და ოდესაზე მასიურ თავდასხმებთან ერთად, ნატო-სა და ევროკავშირის შავი ზღვიდან განდევნის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია. ეს ევროკავშირის ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტების დასასრულს ნიშნავს. კავკასია გარდატეხის წერტილია. მაშინ, როცა სომხეთი ევროკავშირსა და დასავლეთს უახლოვდება, რუსეთი ამის შესაჩერებლად ყველაფერს იყენებს. თუ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნდება, მაშინ ეს კავკასიას ევროინტეგრაციიდან ჩამოაშორებს და სომხეთი დაუცველი დარჩება, რუსეთი კი ამ სტრატეგიულ რეგიონზე სრულ კონტროლს მოიპოვებს. ასევე, თუ საქართველო რუსეთის ხელში აღმოჩნდება, მაშინ ევროპა ცენტრალურ აზიასთან თავის სატრანზიტო გზას დაკარგავს და ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას რუსეთსა და ჩინეთს დაუთმობს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, შანსი, რომ რუსული კონტროლისგან დამოუკიდებელი სავაჭრო დერეფანი შევქმნათ, პრორუსულმა მმართველმა პარტიამ დაბლოკა და ამ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე ჩინეთის კონტროლი სიხარულით მიიღო. შედეგები შეიძლება საბოლოო და შეუქცევადი იყოს“, - აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.