"გამოითქვა იმედი, რომ წელს ორმხრივი ვაჭრობა $5 მლრდ-ს მიაღწევს" - კობახიძე ერდოღანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
როგორც "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, ირაკლი კობახიძემ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
"მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის მუშაობის აღდგენის მნიშვნელობაზე და მომდევნო სხდომის უახლოეს მომავალში ჩატარებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და გამოითქვა იმედი, რომ 2025 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს დიალოგს, რომელიც უზრუნველყოფს ნდობის აღდგენასა და რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო მინისტერიალი თურქეთში გაიმართება", - წერია გავრცელებულ პრესრელიზში.
ცნობისთვის, 2024 წელს თურქეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 3,2 მლრდ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ორი თვის მონაცემებით კი, 384 მლნ აშშ დოლარია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (472,8 მლნ აშშ დოლარს) ჩამორჩება.