პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზაალ გელაშვილი დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზაალ გელაშვილი დანიშნა.
ზაალ გელაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. იგი დღემდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო. ზაალ გელაშვილი ასევე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სხვადასხვა თანამდებობაზე.
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს 6 მაისამდე ბესიკ ამირანაშვილი 2018 წლის 20 აგვისტოდან იკავებდა.
სამცხე-ჯავახეთის გარდა, სახელმწიფო რწმუნებულები ირაკლი კობახიძემ დანიშნა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებშიც.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა - ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში - სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში - ზაალ გელაშვილმა, გურიაში - გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში - ლევან ხარაბაძემ დაიკავეს.
ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს ირაკლი კობახიძე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რეგიონებს ჰყავდეს გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტების ხარისხისა და კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინტრაცია ავრცელებს.
გააზიარეთ :