ახალქალაქში, პარლამენტის წევრის ავტომანქანებს ცეცხლი წაუკიდეს
საქართველოს პარლამენტის წევრის ორ ავტომანქანას ცეცხლი 22 აპრილს, გვიან ღამით ახალქალაქში გაუჩნდა.
სამველ მანუკიანმა მომხდარის დეტალები „მე–9 არხთან“ სატელეფონო საუბრისას გაიხსენა.
„დაახლოებით, ღამის პირველი საათი იქნებოდა. მეზობლის ქალმა დამირეკა, შენი მანქანა იწვისო. გამოვედი და ორივე ავტომობილი ცეცხლში იყო გახვეული. ვფიქრობ, ვიღაცამ სპეციალურად წაუკიდა. მანქანები ექსპერტიზისთვის გადაიყვანეს. ერთი დაიწვა, მეორეს დროულად მოუსწრეს და გადაარჩინეს. ასეთი რამ სამცხე–ჯავახეთში არასდროს მომხდარა.“ – განაცხადა მანუკიანმა.
სამველ მანუკიანი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში, “ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდა.
„შსს–ს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, ავტომანქანის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს“ – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სსკ–ის 187–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
"მეცხრე არხის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე იმყოფება. დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.