"ქართული ოცნება" ურაველში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ურაველში მომხდარ ინციდენტს განცხადებით ეხმაურება
, რომელსაც "მეცხრე არხი" უცვლელად გთავაზობთ:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ" – ნათქვამია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ურაველში მცხოვრები კაპანაძეები ქალაქ ახალციხის მერის ყოფილ მოადგილეს ზაზა გელაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედ საჯარო პირებს ცემაში ადანაშაულებენ. მიზეზად პოლიტიკური მოტივი სახელდება, რადგან ერთ–ერთი დაშავებული ბეგრალ კაპანაძე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი კოორდინატორია. ყოფილი ოპოზიციონერის გარდა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მის 23 წლის შვილსა და 82 წლის მამას.