ახლადარჩეული მერები საქმიანობას 12 ნოემბრიდან შეუდგებიან
სამცხე–ჯავახეთის ექვსი თემიდან ხუთი მერი საქმიანობას მომავალი კვირიდან შეუდგება, რაც შეეხება ბორჯომს, გამარჯვებულის ვინაობა 12 ნოემბერს, კენჭისყრის მეორე ტურის შედეგად გამოვლინდება.
პირველი პირის სტატუსის მოსაპოვებლად ლევან ლიპარტია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო) და ზაზა ჩაჩანიძე (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) იბრძვიან.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შედეგად არჩეული 58 მერი, უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებს.
შესაბამისად, 64–დან 58 თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მოქმედი მერები და გამგებლები საკუთარ უფლებამოსილებას 11 ნოემბრის ჩათვლით ახორციელებენ.
დანარჩენ ექვს საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. ამომრჩეველი აირჩევს თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერებს.