ახალქალაქის ოპოზიცია გენოციდის აღიარების მოთხოვნით განცხადებას ავრცელებს
ახალქალაქის საკრებულოში, ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა კოლეგებისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ
სომეხთა გენოციდის აღიარება მოითხოვეს.
გამართულ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატებმა: ზაქარ ზაქარიანმა, სამველ პეტროსიანმა, გენადი ელიზბარიანმა, სიმონ მანანიანმა და სარგის უზუნიანმა შემდეგი სახის განცხადება წარმოადგინეს. ,,მეცხრე არხი" ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ 2015 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სომხეთის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმად, 9 დეკემბერი გენოციდის მსხვერპლთა და მსგავსი დანაშაულების თავიდან აცილების საერთაშორისო დღედ იქნება აღიარებული.
გენოციდი არის საერთაშორისო დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, რომელიც განისაზღვრება კონვენციით გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი ჩადენისათვის დასჯის შესახებ (გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვეტილება ამის შესახებ 1948 წლის 9 დეკემბერს მიიღო. (საქართველო ამ კონვენციას შეუერთდა 1992 წელს). გენოციდი არის ქმედება, რომლის მიზანია, მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპოს რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი. ეს თარიღიც, ამის გამო იქნა არჩეული.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ გასული საუკუნის 20–იან წლებში, ოსმალეთის იმპერიაში ერთერთი ყველაზე საშინელი დანაშაული – სომეხი ხალხის გენოციდია. თავის დროზე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რომ მომხდარიყო ამ საკითხზე მსჯელობა, ასეთი ორგანიზებული დანაშაული აღარ მოხდებოდა სხვა ხალხთან მიმართებაში.
აღნიშნული კონვენციისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. წუთიერი დუმილით პატივი მიაგოს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას ყველა ერის წინააღმდეგ, რომლის მიმართაც დანაშაული იყო ჩადენილი.
2. მოხდეს ოსმალეთის იმპერიის დროს სომხების გენოციდის აღიარება და დაგმობა
3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, სხვა მრავალი განვითარებული ქვეყნის მსგავსად, სომეხთა გენოციდი აღიაროს და დაგმოს.
4. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის წევრსა და ჯავახეთის მაჟორიტარ დეპუტატს, აღიაროს და დაგმოს სომეხთა გენოციდი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე".
განცხადებას თან ერთვის კონვენციის ტექსტი.
სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი, სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს სომხების ქონებასაც.
წყარო: ,,ჯეინიუსი"