მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დააკავეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე.
აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას.
აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი უკრაინაში სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ეხმაურება.
"როგორც უკვე ცნობილია, პოროშენკომ დღეს კიევის ცენტრში, საცხოვრებელ ბინაში, განახორციელა ჩემს მეუღლეზე თავდასხმა. ჰგონიათ, რომ ეს არის თვეების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის დასასრული, მაგრამ სინამდვილეში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, უკრაინაში და საქართველოში!"- წერს სანდრა რულოვსი.
დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადეს, მოითხოვს თუ არა საქართველოს პროკურატურა უკრაინიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდნეტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურას გაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისათვის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა. რაც შეეხება უშუალოდ დღეს განვითარებულ მოვლენებს, ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია", - განაცხადეს პროკურატურაში.