გედევან ფოფხაძე უმრავლესობას ტოვებს
ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.
გედევან ფოფხაძე გადაწყვეტილების მიზეზად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძის არჩევას ასახელებს.
"ვაპირებ გავემიჯნო ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს, ჩვენი შემადგენლობიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამას", –განაცხადა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან.
დეპუტატი ყველა პარტიული და პოლიტიკური თანამდებობის დატოვებას აპირებს. "თუ "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობას, "ქართულ ოცნებას" და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მაქვს."
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე შეარჩია. გადაწყვეტილებას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 12 წავიდა.