დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენიებს. წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისგან ადამიანთა გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. სრულდება სამეუფეო ჟამნი, რომლის დროსაც იკითხება სახარება ქრისტეს ვნების შესახებ.
დიდი პარასკევის სერობა შუადღისას, ორ საათზე აღევლინება, რადგან
სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე
ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი –
„საფლავი“, სადაც მღვდელმსახურები საკურთხევლიდან გამოსვენებულ
გარდამოხსნას აბრძანებენ.
გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება
ნიშნად იმისა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სამი დღე იყო სამარხში.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა,
როცა მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში
არაფერს ჭამს, ზოგი კი მხოლოდ პურსა და წყალზეა.
ძველი ტრადიციის თანახმად, ამავე დღეს, მზის ჩასვლამდე, წითლად
იღებება სააღდგომო კვერცხები. კვერცხი ქრისტიანული ტრადიციით ზოგადად
სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული
მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე
მიენიჭა.
|