დიდი ხუთშაბათი - ვნების შვიდეულის განსაკუთრებული დღე
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.
დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა საჭიროების შემთხვევაში მირონის კურთხევა შეიძლება. ამ განსაკუთრებულ დღეს ყველა ქრისტიანი ცდილობს, არ დარჩეს უზიარებელი. მორწმუნეთათვის ეს დღე ზეთით ხსნილია.
ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე, ე.წ. "დიდი ხუთშაბათი", დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა ბანვას, საიდუმლო სერობას, გეთსამანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. უფლის მაგალითით, მღვდელი ეკლესიის საკურთხეველზე მუხლმოდრეკილი ფეხებს ჰბანს 12 ბავშვს ან ეკლესიის მსახურებს და ზეთს სცხებს მათ.
დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ."თორმეტი სახარება"ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება.
„თორმეტი სახარების“ კითხვისას მორწმუნეები ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც ერთი მხრივ, სამყაროს მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებაა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.
არსებობს ძველი ტრადიცია, რომლის თანახმადაც, სანთელი, რომელიც სახარების კითხვისას ხელში გვეჭირა, სახლში ანთებული უნდა წავიღოთშესასვლელი კარის თავზე სანთლის ალისგან წარმოქმნილი კვამლით ჯვარი გამოვსახოთ.